მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდა და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ – 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი გამკაცრდა: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს – ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.
პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვლება “საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ”.
მეწარმეებისთვის აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება.
ცვლილებების ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მიზანია პოლიტიკური პროცესებისგან მეწარმე სუბიექტების გამიჯვნა და საჯარო სივრცეში ბიზნესის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარდგენისას განაცხადა, რომ “მიზეზი მარტივია – პოლიტიკით უნდა დაკავდნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო სამეწარმეო სუბიექტები დაკავდნენ ბიზნესით”.
მისივე განმარტებით, როდესაც მეწარმე იურიდიული პირის სახელით ხორციელდება პოლიტიკური აქტივობა, ეს კანონის დარღვევად ჩაითვლება – იგულისხმება დირექტორის, დამფუძნებლის ან რომელიმე თანამშრომლის მიერ უშუალოდ კომპანიის სახელით განხორციელებული ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება.